,,ქალთა ოთახების გაერთიანება“ წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ს/ნ 448057094), რომლის მიზანია ქვეყნის მასშტაბით, 32 თვითმმართველ ერთეულში არსებული 32 მუნიციპალური „ქალთა ოთახის“ გაძლიერება, მათი კორდინირებული მუშაობის და ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის იმპლემენტაციის ხელშეწყობა.
„ქალთა ოთახების გაერთიანების“ წესდების მიხედვით, მისი წევრი შეიძლება გახდეს ის თვითმმართველი ერთეული, რომელსაც უკვე შექმნილი აქვს „ქალთა ოთახი“ და სურს სხვა მუნიციპალიტეტებთან კოორდინაციაში განახორციელოს ყველა ის აქტივობა, რომელიც ქალთა და გოგონათა გაძლიერებას უკავშირდება და გაწერილია საქართველოს კანონმდებლობასა და ჩვენი ქვეყნის მიერ რატიფიცირებულ საერთაშორისო კონვენციებში.
ქალთა ოთახების გაერთიანების მიზნები
- საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში არსებული ,,ქალთა ოთახების’’ კოორდინაცია და მათი ეფექტური მუშაობის ხელშეწყობა;
- საქართველოს რეგიონებში მცხოვრები ქალებისა და გოგონების საჭიროებების კვლევა-ანალიზი;
- „ქალთა ოთახების“ ურთიერთდაკავშირება, არსებული პრაქტიკული გამოცდილების და მიღწევების იდენტიფიცირება/გაზიარება/დანერგვის და ერთობლივი ღონისძიებების დაგეგმვა/ორგანიზების გზით, რაც ხელს შეუწყობს და წაახალისებს ქალებისა და გოგონების სამოქალაქო და ეკონომიკური გაძლიერების პროცესს;
- ადგილობრივი თვითმმართველობების დახმარება საქართველოს კანონმდებლობით და საერთაშორისო კონვენციებით განსაზღვრული იმ ვალდებულებების აღსრულებაში, რომელიც მიმართულია ქალთა და გოგონათა უფლებების დაცვაზე და მათ ეკონომიკურ გაძლიერებაზე.
- ადგილობრივი თვითმმართველი ორგანოების წარმომადგენლებისთვის: სწავლების ორგანიზება, საკონსულტაციო დახმარების გაწევა, გამოცდილებათა გაზიარება, და მეთოდოლოგიური, კვლევითი და სარეკომენდაციო მასალების მომზადება, გამოცემა და გავრცელება.
- გაერთიანებაში გაწევრიანებული მუნიციპალური „ქალთა ოთახების“ სახელით, ქალების/გოგონების გაძლიერების საკითხებით დაინტერესებულ საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან, ასევე სხვადასხვა დონის რელევანტურ საჯარო სამსახურებთან თანამშრომლობა, „ქალთა ოთახების“ ადვოკატირების, საჭირო ინფორმაციის გაცვლის ან/და ერთობლივი ღონისძიებების იმპელენტაციის მიზნით;
- გაერთიანების წევრი „ქალთა ოთახების“ მხარდაჭერა და გაძლიერება, საჭიროების შემთხვევაში, ფინანსების მოძიებაში დახმარება, რათა მათ მონაწილეობა მიიღონ ადგილობრივ თუ საერთაშორისო კონფერენციებში, განახორციელონ სოციალური და ეკონომიკური პროგრამები მუნიციპალიტეტებში მოქალაქეების კეთილდღეობისა და თანასწორუფლებიანი გარემოს შექმნის მიზნით.
- „ქალთა ოთახის“ როლის გაზრდა ადგილობრივი თვითმმართველობის გენდერული თანასწორობის პოლიტიკის განხორციელების პროცესში და „ქალთა ოთახის“ პოპულარიზაცია.
- ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის, სექსუალური ხასიათის ძალადობის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვა, დახმარება და რეაბილიტაციის ხელშეწყობა, შესაბამის ორგანოებთან/სტრუქტურებთან თანამშრომლობის გზით.