„ქალთა ოთახი“ არის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შექმნილი ღია საინფორმაციო-საკონსულტაციო რესურსცენტრი, რომლის მიზანია, დაეხმაროს ადგილობრივ მოსახლეობას, განსაკუთრებით კი ქალებს, მუნიციპალიტეტთან ურთიერთობაში, ასევე გაზარდოს და წაახალისოს ქალების და მამაკაცების თანაბარი მონაწილეობა ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში (საკრებულოს და გამგეობის/მერიის სხდომებზე, დასახლების საერთო კრებებში მონაწილეობა).
„ქალთა ოთახი“ უზრუნველყოფს ადგილობრივი თვითმმართველობის დონეზე კარგი მმართველობის პრინციპების დანერგვას და მისი ქმედითუნარიანობისა და ეფექტურობის გაზრდას გენდერული თანასწორობის პრინციპების მეინსტრიმინგით თვითმმართველობის ყოველდღიურ საქმიანობაში.
„ქალთა ოთახის“ საშუალებით ადგილობრივი ხელისუფლება საკუთარ მოსახლეობას (განსაკუთრებით, ქალებს და გოგონებს) სთავაზობს დამატებით საინფორმაციო-საკონსულტაციო მომსახურებას, ასევე თავისუფალ, ღია სივრცეს დასვენებისა და სოციალურ-ეკონომიკური აქტივობისთვის.
,,ქალთა ოთახი’’ აქტიურადაა ჩართული ქალთა ეკონომიკურ გაძლიერებაში. ქალებს აღნიშნულ სივრცეში შეუძლიათ ჩაატარონ შეხვედრები, წამოაყენონ ინიციატივები, ისარგებლონ „ქალთა ოთახის“ სერვისებით და მიიღონ კონსულტაცია მათთვის საჭირო საკითხებზე. აღსანიშნავია, რომ „ქალთა ოთახის“ ვიზიტორების 40% კაცია.