ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ფართოდ გავრცელებული დარღვევა და გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემა
,,ქალთა ოთახების გაერთიანების" ორგანიზებით გაიმართა კვლევის ,,მუნიციპალიტეტების მიერ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენცია და მართვა" პრეზენტაცია.
კვლევა მოამზადა მაგდა მამუკაშვილმა ააიპ „ქალთა ოთახების გაერთიანების“ დაკვეთით და „ქალთა ფონდის საქართველოში“ ფინანსური მხარდაჭერით, „ქალთა ძალადობის პრევენცია და მართვა ადგილობრივი თვითმართველობების მიერ” პროექტის ფარგლებში.
კვლევის მიზანი იყო გამოევლინა გამოწვევები და საუკეთესო პრაქტიკები ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ ძალადობის მართვისა და პრევენციის მიმართულებით.
ქალთა მიმართ ძალადობა ადამიანის უფლებათა ფართოდ გავრცელებული დარღვევა და გლობალური საზოგადოებრივი ჯანმრთელობის პრობლემაა. ქალთა მიმართ ძალადობა ფიზიკური, სექსუალური, ემოციური და ეკონომიკური ძალადობის სხვადასხვა ფორმით ვლინდება პირად და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საბოლოო ჯამში, ქალთა მიმართ ძალადობა აუარესებს ქალებისა და გოგოების ფსიქიკურ და ფიზიკურ ჯანმრთელობასა და კეთილდღეობას და გრძელვადიან პერსპექტივაში, მან შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს მათ მიერ უსაფრთხოების, სტაბილურობისა და მშვიდობის განცდაზე. ქალთა მიმართ ძალადობას სერიოზული შედეგები მოჰყვება როგორც ქალებისა და გოგოების განვითარებისა და წინსვლის, ისე ეკონომიკასა და ქვეყნის განვითარებაში მათ მიერ შეტანილი წვლილის კუთხით. ქალთა მიმართ ძალადობის შესახებ საქართველოში მეორე ეროვნული კვლევის მიხედვით, ქალების 50%-ს განუცდია ქალთა მიმართ ძალადობის ერთი ფორმა მაინც ცხოვრების მანძილზე. მნიშვნელოვანია ქალთა მიმართ ძალადობით გამოწვეული ეკონომიკური ხარჯები, რაც ქალებს, ოჯახებს, თემებსა და ფართო საზოგადოებას ეკისრება.
მუნიციპალიტეტებს განსაკუთრებული როლი აქვთ ქალთა მიმართ ძალადობის პრევენციისა და მართვის მიმართულებით, როგორც ხალხთან ყველაზე ახლოს მდგომ ხელისუფლებას. მუნიციპალიტეტს როლი ეკისრება, არა მხოლოდ ძალადობის შემდგომ ქალების მხარდაჭერის, არამედ ძალადობის პრევენციის მიმართულებით. საზოგადოების მიერ ძალადობის სწორი აღქმა და რეაგირება უმნიშვნელოვანესია აღნიშნული დანაშაულის შემცირებისათვის. მუნიციპალიტეტის მიერ ცნობიერების ამაღლების კამპანიების განხორციელება და ქალების ინფორმირება ძალადობაზე სათანადო რეაგირების შესახებ წარმოადგენს არსებით ზომას. აღსანიშნავია, რომ ქალთა მიმართ ძალადობის კუთხით ღონისძიებების განხორციელება მუნიციპალიტეტის საკუთარ უფლებამოსილებას არ წარმოადგენს. მუნიციპალიტეტს შეუძლია განახორციელოს მხოლოდ ის ღონისძიებები, რაც სხვა ორგანოს კომპეტენციას არ მიეკუთვნება. ამდენად, წინამდებარე კვლევის ფარგლებში განხილული იქნება ის ღონისძიებები, რომლის განხორციელებაც მუნიციპალიტეტს სხვა ორგანოების ქმედებების პარალელურად, დამატებით შეუძლია პრევენციისა და მართვის მიმართულებით.
კვლევის სრული ვერსიის ნახვა შესაძლებელია აღნიშნულ ბმულზე: https://www.womensroomsunion.ge/cat/research